„ერთი საშინელი და ერთი ბედნიერი წელი“
მარიკა ლაფაური-ბურკი
ჰამბურგი
19 ნოემბერს ჰამბურგში შედგა ნინო ხარატიშვილის სპექტაკლის პრემიერა.
სპექტაკლში მონაწილეობს ნინო ბურდული.
„თუ შენ გემის აშენება გინდა, ხალხს კი ნუ შეყრი ხის და ფიცრის შესაგროვებლად, დავალებების გასაცემად და სამუშაოს დასანაწილებლად, არამედ ასწავლე ამ ადამიანებს ნატვრა დიდი უსაზღვრო ზღვისა“.
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
ნინო ხარატიშვილი გერმანიის კულტურულ ცხოვრებაში უკვე ცნობილი სახელია. მან 2007 წელს, 26 წლის ასაკში, თავისი დებიუტითვე (პიესის ავტორი და დადგმა „Z“ 2006) მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დღეისათვის ის გერმანიის ერთერთი ახალგაზრდა ხელოვანია, რომელის წარმატებები აღარავის გაკვირვებას არ იწვევს. ნინო ხარატიშვილმა დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი და ჰამბურგის თეატრის აკადემია. ნინო წერს პიესებს, რომლებიც იდგმება გერმანიის სხვადასხვა თეატრებში. ის ასევე არის თეატრის რეჟისორი და დგავს თავისივე პიესებს. მის ლიტერატურულ ნაწარმოებებს და დადგმებს სხვადასხვა ჯილდო მათ შორის Adelbert-von-Chamisso-ს პრემია აქვს მიღებული, ხოლო მისი რომანი „ჟუჟა“ Buchpreis-ის მიერ საუკეთესო ოცეულშია შესული.
ნინო ხარატიშვილის შემოქმედება ის იშვიათი მოვლენაა, როცა ავტორი თავადვე არის დამდგმელი რეჟისორიც. ასეთია მისი ბოლო ნამუშევარიც, - „ჩემი ბედნიერების ყველაზე საშინელი წელი“. სპექტაკლის პრემიერა 19 ნოემბერს ჰამბურგის ლიხტჰოფის სცენაზე შედგა. წარმოდგენები მიმდინარე სეზონზე კიდევ 6 დეკემბრამდე გასტანს.
შემთხვევითია, რომ ავტორი მელოდრამის ფაბულას მისდევს,- „წინააღმდეგოგებს, რომლებიც სიყვარულს ეღობებიან“? (თომას კობნერი)
- „ვიტყოდი, რომ სასიყვარულო ისტორიები, ყველა სხვა ისტორიებთან შედარებით დიდ სივრცეზე პროექტირების საშუალებას იძლევიან. თითქოს ყველას განუცდია სიყვარული, ამასთანავე ის მუდმივად უტოპიურ ნატვრად წარმოგვესახება.“-ამბობს ნინო ხარატიშვილი თავის ინტერვიუში.
ნინო ხარატიშვილი უბრუნდება მელოდრამის შექმნის საწყის იმპულსებს, რომელებიც არისტოკრატიული ტრაგედიებისა და ბაროკოს იგავური სამყაროს საპირისპიროდ საფრანგეთის რევოლუციის
შემდეგ შეიქმნა. მელოდრამის ფორმის გაჩენით თეატრალურ ხელოვნებაში ახალი შინაარსობრივი ასპექტები მკვიდრდება. ნინო ხარატიშვილი თავის ახალ სპექტაკლში, „ჩემი ბედნიერების ყველაზე საშინელი წელი“ მიმართავს მელოდრამისათვის დამახასიათებელ ყველა ატრიბუტს და ქმნის ცოცხალ თეატრალურ სანახაობას, სადაც თეატრალური ხელოვნების ჟანრები და ფორმები, ცისარტყელის ფერებივით წყლის ერთ წვეთში, აირეკლება. მელოდრამის მთავარ თემას, - ბოროტთან დაპირისპირებას,- ავტორი საინტერესო შინაგან ფსიქოლოგიურ დრამად აქცევს. ამ ჟანრის დამახასიათებელ პათეტიურობას გარდაქმნის ნამდვილ „სათამაშო“ წარმოდგენად, სადაც მსახიობის ხელოვნება რამპის შუქში ექცევა და მას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს.
.„მთავარი იყო, რომ თამაშობ არა ერთი გმირის ამბავს, არამედ თითქოს კალეიდოსკოპის სხვადასხვა სურათებს ქმნი მოზაიკის ფერადი ქვებით. მაქვს განცდა, რომ ყველანი ყვებიან ამ ბანალური ისტორიის საკუთარ ვერსიას. ეს პირველად განვიცადე თეატრში“. – აღნიშნავს სპექტაკლის ერთერთი მონაწილე ნინო ბურდული.
პიესის მთავარი გმირი ივი, ავტოკატასტროფაში ხვდება, რის შემდეგაც ის თავისი ცხოვრების ფრაგმენტებს იხსენებს. ეს ცნობილი მსახიობი ქალის დრამატული ცხოვრებაა, რომელსაც ბედისწერა მამა-შვილის (დარიოსი და რესო) საყვარლად გახდის. გმირების ამ საბედისწერო განლაგებას დარიოსის მეუღლისა და რესოს დედის ფიგურა ამძაფრებს, - გინეკოლოგი არიანა, რომლის მიერ გაკეთებული აბორტი, როგორც შემდეგ ირკვევა, ივს დედობის შანსს უსპობს.
ეს არის ერთი მხრივ თაყვანისმცემლებისაგან გაღმერთებული და განებივრებული, ხოლო მეორე მხრივ ოცნებებ დამსხვრეული ქალის ცხოვრება, რომელსაც მიუხედავად თავისი იქედნური ცხოვრების სტილისა, სპექტაკლის განმავლობაში თითქოს ედიტ პიაფის სულიერ სამყაროსთან მივყევართ. ედიტ პიაფი, თავის ბოლო ინტერვიუში (1962) შეკითხვაზე, რა სჭირდება ქალს, რომ ბედნიერი იყოს? – პიაფი პასუხობს – სიყვარული. - რა არის მისი მოწოდება? – სიყვარული. რა არის მთავარი თქვენს ცხოვრებაში? - სიყვარული და ჩემი საქმიანობა, - იმეორებს ედიტ პიაფი, რომლის ცხოვრება მხოლოდ ერთი დიდი ნატვრა იყო სიყვარულზე. პიაფის ბიოგრაფია მისი სულიერების გარეშე ერთი ბანალური მელოდრამა იქნებოდა. იმავე ინტერვიუს ბოლოს პიაფი მოკლედ პასუხობს: „ხელმეორედაც ზუსტად ასევე ვიცხოვრებდი“.
ნინო ხარატიშვილის გმირი ივი კი, სულიერებას ამ სასიყვარულო ისტორიების მიღმა ეძებს, ის საკუთარი იდენტურობის დანახვას ცდილობს. გმირის დამოკიდებულება თავის თავთან ამბივალენტურია: „ეს არის ჩემი ბედნიერების ერთი საშინელი და ერთი ბედნიერი წელი“.
ავტორი გამიზნულად მიმართავს, საპნის ოპერისათვის დამახასიათებელ პერსონაჟების ერთმანეთში გადახლართულ ბანალურ ისტორიას და კლიშეების გვერდის ავლით მხატვრულ ფორმას ქმნის. სწორედ მასალასთან ასეთი გაბედული დამოკიდებულება უნდა ჩაითვალოს ნინო ხარატიშვილის ნიჭის დადასტურებად. საინტერესოდ მოძებნილი ფორმა, მისი ორიგინალური კონცეფცია ორდინალურ და სენტიმენტალურ სიუჟეტს ესთეტურად გარდაქმნის, ადამიანურ განცდებს სიცოცხლის დინებაში აბრუნებს და შემოქმედებითად განაზოგადებს. ავტორი თავის დასსთან ერთად სპექტაკლის განმავლობაში ზომიერების შეგრძნების ერთგული რჩება, რაც ავტორის ალღოზე მიუთითებს.
ავტორის დამოკიდებულება ფორმასთან მიმართებაში განსაკუთრებით საინტერესოა მის რეჟისორულ გადაწყვეტაში.
პიესის ყველა გმირებს სცენაზე ქალები ახორციელებენ. ერთი და იგივე მსახიობები ოსტატურად მოფიქრებულ მიზანსცენებში გამუდმებით ცვლიან როლებს, ისე რომ ყველა მონაწილე, ყველა როლს თამაშობს. შეუცვლელი და სტატიური რჩება მხოლოდ „გარეთა“ ანუ ფიზიკური ივი, (ვერენა რაინხარდტი) რომელიც თავისი ნამდვილი სახის ამოცნობას ცდილობს. მსახიობები როლებისათვის დაფიქრებით არიან შერჩეულნი, ისინი თავიანთი ტემპერამენტით და გარეგნობით ერთმანეთთან კონტრასტს ქმნიან. მიუხედავად ამისა, ეს ფიგურები რეჟისორის კონცეფციით ერთ საერთო და განზოგადოებულ სახეს ძერწავენ, რაც სპექტაკლის მხატვრული ღირებულებისათვის განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს.
სპექტაკლის მსვლელობის მანძილზე არც ერთი დუნე მომენტი არ არის, მას თავისი საკუთარი რიტმი გააჩნია, რომელიც მაყურებელს თანამონაწილედ აქცევს. ეს სპექტაკლის წარმატების ერთერთი მთავარი კომპონენტია.
სამწუხაროდ, ამ წერილში სათითაოდ ვერ დავახასიათებთ სპექტაკლში მსახიობების მიერ შესანიშნავად შექმნილ სახეებს. ივის როლის შემსრულებელი ვერენა რაინხარდი, რომელიც გერმანიაში ერთერთი ცნობილი დრამატული მსახიობია, აღნიშნავს, რომ ნინო ხარატიშვილთან მუშაობა საინტერესოა მისთვის და ის ყოველთვის სიამოვნებით ღებულობს ნინოს მიერ შემოთავაზებულ როლებს.
ჩვენს წერილში გვერდს ვერ ავუვლით სპექტაკლში ნინო ბურდულის მონაწილოებას. ნინო ხარატიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის ნინო ბურდულთან მუშაობის არჩევანი ნინო ბურდულის სამსხიობო ოსტატობამ განაპირობა და ასევე სურვილმა, რომ ემუშავა ქართველ კოლეგასთან ერთად.
ნინო ბურდულმა თავის გერმანელ კოლეგებთან ერთად რეკორდული დროში, ხუთი კვირის განმავლობაში გაიარა რეპეტიციები. მართალია, ნინო ბურდული ფლობს გერმანულ ენას, მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ უცხო ენაზე და უცხო სცენაზე თამაში ნინო ბურდულისათვის დიდი გამოწვევა იყო. „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ნინო ხარატიშვილი არ წასულა რაიმე კომპრომისზე მსახიობების შერჩევისას. ამ მხრივ იდეალური ანსამბლი იყო შეკრებილი, როგორც მუსიკალური კამერული ანსამბლი, სადაც ყველა სოლისტია“, - გვიამბობს ნინო ბურდული.
სპქეტაკლის მხატვრული გაფორმება (ზილკე რუდპლფი, დანიელა ჰერცბურგი, კოსტუმები - გუნა მაიერი) რეჟისორის კონცეფციის საინტერესო ვიზუალური გადაწყვეტაა. სცენა არის ერთი გაშლილი თეთრი ფურცელი, რომელზედაც სპექტაკლის განმავლობაში ისტორია „იწერება“.
ნინო ხარატიშვილი თავისი შემოქმედებით გვთავაზობს საინტერესო პერსპექტივებს, სადაც მაყურებელი გულგრილი ვერ დარჩება და ავტორს სულიერების საძიებლად ნამდვილად თან გაჰყვება, ისე, როგორც ეს ზღაპრებში ხდება ხოლმე. ეს არის ის იმპულსი, რასაც ხელოვნებისაგან მოველით.
ვუსურვებთ ნინო ხარატიშვილს და მის გულშემატკივრებს მომავალ წარმატებებს და იმედი გვაქვს, ქართველი მაყურებელსაც მიეცემა საშუალება, რომ ახალგაზრდა შემოქმედს თავის სამშობლოში გაეცნოს.
27.11.2010
გამოქვეყნდა 24 საათში.
http://24saati.ge/index.php/category/culture/theatre/2010-11-29/11902.html
0 comments:
Post a Comment